ENG GEO

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ 2011 წლის ყველაზე მსხვილ გადამხდელად დასახელდა

03.02.12

Image
„საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა", საქართველოს ნავთობპროდუქტების სექტორში ყველაზე მსხვილი გადამხდელები გამოავლინა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 3 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მსგავსი ღონისძიება, აღნიშნული კავშირის ინიციატივით უკვე მერვედ გაიმართა. ამჯერად გამარჯვებულები 2011 წლის საუკეთესო მაჩვენებლების მიხედვით შეაფასეს.
ცერემონიაზე კომპანია „სოკარს" წარმოადგენდა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი, მაჰირ მამმედოვი.
მთავარ ნომინაციაში - „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების სექტორიდან ყველაზე მსხვილი გადამხდელი", უკანასკნელი წლების მანძილზე უდავო ლიდერის პოზიციები „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" უკავია. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე, კომპანიამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 775 448 992.29 ლარი გადარიცხა.
კერძოდ, კომპანიამ 2006 წელს - 4 384 516.73 ლარი,
2007 წელს - 89 336 173.88 ლარი,
2008 წელს - 173 165 975.92 ლარი,
2009 წელს -161 193 002.93 ლარი,
ხოლო 2010 წელს - 149 736 750.01 ლარი გადარიცხა.
გასულ 2011 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების სექტორიდან სულ 400-420 მლნ. ლარი გადაირიცხა. აქედან უდიდესი ნაწილი - 197 632 572.82 ლარი, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" შეიტანა.
გარდა ამისა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" წარდგენილი იყო ნომინაციაში - „ნავთობკომპანია, რომელმაც საქართველოში 2011 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტიცია განახორციელა". კერძოდ, გასულ წელს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ინვესტიციის მოცულობამ 53 423 462.00 ლარი შეადგინა. ამ თანხის ნაწილი, კომპანიის ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას მოხმარდა, ხოლო დანარჩენი რაოდენობა - ორი უდიდესი პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯა. აღნიშნული პროექტები მოიცავს - ბათუმი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მდებარე მრავალფუნქციურ კომპლექსს - „სოკარ-გუდვილი ავტო-ლაუნჟი", რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ გასული წლის 29 ნოემბერს გახსნეს; და ქალაქ ბათუმსა და მარნეულში „სოკარისა" და „მაკდონალდსის" ერთობლივი კომპლექსის მშენებლობას, რომლის ფუნდამენტი გასულ წელს ჩაიყარა. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე კომპანიის ინვესტიციების მოცულობამ ჯამში 183 920 263.00 ლარი შეადგინა.
კერძოდ, კომპანიამ 2006 წელს 74 620.00 ლარის,
2007 წელს - 7 248 559.31 ლარის,
2008 წელს - 25 500 242.76 ლარის,
2009 წელს - 24 615 644.46 ლარის,
2010 წელს - 73 057 734.47 ლარის,
ხოლო 2011 წელს - 53 423 462.00 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„კომპანია, რომელიც საუკეთესო ინფრასტრუქტურის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს" - აღნიშნულ ნომინაციაში „სოკარი" უდავო ლიდერია. ევროპული სტანდარტების შესაბამისი 93 ავტოგასამართი სადგური, აღჭურვილი საწვავის გაცემის უახლესი იაპონური ტექნიკით, ავტოსამრეცხაოთი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით - შეუძლებელია ექსპერტებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" კომპანია „გალფთან" და „ვისოლთან" ერთად წარდგენილი იყო ნომინაციაში - „საქართველოში სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის". გარდა ამისა „ვისოლთან" ერთად წარდგენილი იყო ნომინაციაში - „პირველად საქართველოში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა".
კომპანიის საქმიანობა ISO 9001-ის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. 2010 წლის შემოდგომაზე „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" კომპანია SGS-მა ISO 9001:2008-ის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. იმავე წლის გაზაფხულზე კი კომპანიამ ბერლინში ბიზნეს-პრესტიჟისა და ხარისხის საერთაშორისო ჯილდო მიიღო.